“ცათამბჯენის მშენებლობა დაუშვებელია” – 19 ორგანიზაცია დედაქალაქის მთავრობას მიმართავს

“ცათამბჯენის მშენებლობა დაუშვებელია” – 19 ორგანიზაცია დედაქალაქის მთავრობას მიმართავს

“ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა პროექტის იდეა, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ღონისძიებად შეაფასა და მისი მშენებლობის განხორციელების გარანტიები შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები. ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯერვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის.

მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

პროექტის იდეა შეუთავებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან

საპროექტო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია მოქცეული. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი” ითხოვს, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფას, რაც წარმოუდგენელია ცათამბჯენების ტიპის მასშტაბური მშენებლობის შემთხვევაში. თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, რომელიც, მათ შორის, გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია, მიუღებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე აქტიურ ვერტიკალურ განვითარებას. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზეა შესაძლებელი ამ განაცხადის განხილვის გაგრძელება.

კერძო პირის შემოთავაზება, “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო აუზზე დასაქმებული ადამიანი, სრულიად უსამართლოდ, მედიასთან ინტერვიუს შემდეგ, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის


დაგეგმილი პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეუთავსებელია ამ ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით განსაზღვრულ რეგულაციებთან. სწორედ ამიტომ, კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ასევე ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი და არ არის ნათელი, დამატებით, გაიზრდება თუ არა სამშენებლო კოეფიციენტები. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დაშვება, არა თუ კერძო პირის ინტერესზე მოსარგებად, არამედ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, დასაბუთებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში არ არის დასაბუთებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, არამედ დაუფარავადაა გაცხადებული, რომ ამ გამონაკლისების დაშვების გარეშე, მიზნობრივი მშენებლობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს. განაცხადში, რისკად არის შეფასებული მშენებლობის პროცესში სამშენებლო მანქანების მიერ სატრანსპორტო გადატვირთულობის გამოწვევა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:

უარი უთხრას კერძო პირს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვასა და გეგმარებითი დავალების გაცემაზე;

თბილისის საკრებულოს:

არ დაუშვას განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება და ზონალური ცვლილებების განხორციელელება

მიმართვას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

ღია საზოგადოების ფონდი
მოძრაობა”ტალღა”
საქართველოს ეროვნული ფონდი
“ეკო ცენტრი”
ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი
საზოგადოება “ბათომი”
ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
მწვანე ალტერნატივა
ურბანული განვითარების ინსტიტუტი
ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი
ნანა ზაზანაშვლი, არქიტექტორი
თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე
ICOMOS საქართველო
სამოქალაქო მოძრაობა “მე ვარ ქალაქი”
გურიის სამოქალაქო ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მანანა თევზაძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
მწვანეები

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს. პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ატვირთეს, მასზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…